იმპერიალიზმი ლექსებში

ავტორი: თამარ კვარაცხელია

პოეტობა მხოლოდ ზუსტი სიტყვის ან მარჯვე რითმის პოვნას არ ნიშნავს, ეს იმ უზენაესი სიმართლის მსახურებასაც გულისხმობს, რომელმაც ტერენტის ათქმევინა, პოეტი არის ყოველთვის ღმერთიო. ლიტერატურული ოსტატობის გარდა ნამდვილი შემოქმედის შეფასებისას დიდი ადგილი უჭირავს მის ცხოვრებისეულ პრინციპებს, ჰუმანიზმს, უსამართლობასთან შეურიგებლობას, მოქალაქეობრივ პოზიციას, მრწამს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულებს ეკისრებათ, რადგან სწორედ ისინი აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს, თაობათა შეხედულებებს და არაერთი მითის წარმოშობას და დამკვიდრებას უწყობენ ხელს.

პოეტმა და ესეისტმა ნუგზარ ზაზანაშვილმა ძალზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო წიგნი დაწერა, რომელშიც რუსული პოეზიის პრიზმიდან შეაფასა რუსი ხალხის მიდრეკილება შოვინიზმისა და დამყრობლობისკენ. ამ მიდრეკილებას პუშკინის, ლერმონტოვისა და ბლოკის მსგავსი დიდი პოეტებიც კი ვერ გაექცნენ.

„რუსოფობია – ანუ პოეტური იმპერიალიზმი ლომონოსოვიდან ევტუშენკომდე“ 14 თავად, მიმდენარეობად, ჟანრად იყოფა და სრულყოფილად ასახავს დერჟავულ სულისკვეთებას რუსულ პოეზიაში.  წიგნში მოცემულ ესეებში ავტორი 40-მდე პოეტის შემოქმედებით გზას განიხილავს და არამც და არამც არ ცდილობს დააკნინოს ან ეჭვი შეიტანოს მათ ნიჭსა და ტალანტში. პირიქით: ჯეროვნად და ობიექტურად აფასებს როგორც კონკრეტულ ნაწარმოებებს, ისე ამ პოეტების როლს რუსულ კულტურაში. თუმცა ხშირად პოეტების წინააღმდეგ მათივე ლექსები მეტყველებენ.

ასე მაგალითად, საქართველოში დაბადებული და უბადლო ნიჭის მქონე ვლადიმერ მაიკოვსკიმ, ეს ნიჭი წითელი იმპერიის სამსახურში ჩააყენა და სოციალისტური ლექსების წერას მოჰკიდა ხელი. როგორც ბოლშევიზმის ჭეშმარიტი მგოსანი, მაიკოვსკი ამყარებს საბჭოეთში გავრცელებულ მეფეთა დამაკნინებელ იდეოლოგიას და აგრძელებს ჯერ კიდევ მიხეილ ლერმონტოვის დამკვიდრებულ მითს თამარ მეფის და ზოგადად ქართველი ქალის ავზნიანობის შესახებ. ლექსში „ვლადიკავკაზი-თბილისი“ ფამილარული, უხეში ტონით წერს: მახსოვს, მე – შოთა რუსთაველი – როგორ ვუტარებდი ცარიცა თამარს სატრფიალო ოინებსო. არც სხვა მეფეებს მოიხსენიებს უფრო პატივისცემით და „მეფიკოებსა და თავადიკოებს“ უწოდებს მათ.

ნარკვევში მოხმობილ პოეზიის ნიმუშებს ბწკარედული თარგმანიც ერთვის, რაც შესაძლებლობას აძლევს მკითხველს უკეთ ჩაწვდეს ლექსების აზრს, პათოსსა და მოტივს. ავტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსი მწერლები და პოეტები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრებად მოჰქონდათ თავი და მათ ყოველთვის დიდი პატივით იღებდნენ საქართველოში, ერთხმად დუმდნენ რუსეთის მორიგი აგრესიის დროს და ამ დუმილით თავიანთი ხელისუფლების პოლიტიკას ეთანხმებოდნენ. მათ შორისაა ევგენი ევტუშენკოც, საქვეყნოდ ცნობილი სტროფების („თუ დაივიწყებ საქართველოს, წინდაუხედავად, მაშინ რუსეთში პოეტად ყოფნას ვერასდროს შეძლებ“) ავტორი, რომელსაც ხმა არ ამოუღია აგვისტოს ომის შესახებ.

 თავის დროზე ამავეს აღნიშნავდა ოთარ ჭილაძეც:

„მტკნარი სიცრუეა, როდესაც პოლიტიკოსები საქართველოს და რუსეთს შორის „მეგობრობაზე“ ლაპარაკობენ. ეს „მეგობრობა“ არც ერთი წუთით არ არსებულა. მე დიდად პატივს ვცემ რუს ხალხს და რუსულ კულტურას, მაგრამ რუსული სახელმწიფო სულ სხვა მექანიზმია. რუს მწერლებთან ვმეგობრობდი, მაგრამ ამ მეგობრობას წერტილი დავუსვი, როდესაც დავინახე, რომ ისინი აქტუალურ მოვლენებზე ხმა-კრინტს არ ძრავენ...“

„რუსოფობია“ მეტად საჭირო და დროული წიგნია, რომელშიც ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკის თითქმის სამსაუკუნოვანი გეზი, მისწრაფება, დერჟავული ზნე, რომლიც გასავრცელებლად იმპერიას გვერდში ედგა და უდგას თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი პოეტი. ჩანს, რომ მიუხედავად რუსულ პოეზიაში მიმდენარეობების მუდმივი ცვლილებებისა, თავად ეს გეზი უცვლელი რჩებოდა. ეს კი ცხადყოფს, რომ მეფის, საბჭოთა და დღევანდელი რუსეთი – ერთი და იგივე რუსეთია.