აკრძალული წიგნების თარო

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წიგნის აკრძალვის განსხვავებული პრაქტიკა არსებობს: ცენზურა, პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური, მორალური და ძალიან იშვიათად კომერციული მოტივებით აკრძალვის შემთხვევებიც კი. აკრძალულ წიგნებში მოიაზრება როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე რომანები, ლექსები, პიესები, დოკუმენტური პროზის ნიმუშები. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნი, რომელიც ერთ ქვეყანაშია აკრძალული, მეორე ქვეყნისთვის შესაძლოა სავსებით მისაღები იყოს.

გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაიწყო ახალი სერიის – „აკრძალული წიგნების თარო“ – გამოცემა. ამ სერიით უკვე გამოიცა სამი წიგნი: 

მაია ენჯელოუ – „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ (ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა)
მარიო ვარგას ლიოსა – „ქალაქი და ძაღლები“ (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ)
ელის უოკერი – „იისფერი“ (ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ)

1. მაია ენჯელოუ – „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ 

„ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება. 

ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე შედის იმ წიგნების ხუთეულში, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.

წიგნი ინგლისურიდან ანა კოპალიანმა თარგმნა.

2. მარიო ვარგას ლიოსა – „ქალაქი და ძაღლები“

„ქალაქი და ძაღლები“ პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას პირველი რომანია. წიგნი 1963 წელს გამოიცა. რომანში აღწერილია ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის კადეტების სასტიკი და წინააღმდეგობებით სავსე ყოფა. 

„ქალაქი და ძაღლები“ დიდწილად მწერლის პირადი გამოცდილების ნაყოფია, რადგან ლიოსა თავადაც ამ სასწავლებლის მოსწავლე იყო. რომანმა გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება არა მარტო მაღალი მხატვრული ღირებულებით, არამედ ძალადობრივი სისტემის მხილებით, რის გამოც „ქალაქი და ძაღლები“ პერუში აკრძალული წიგნების სიაში აღმოჩნდა. ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელობამ „ქალაქი და ძაღლები“ პერუს წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდად მიიჩნია და წიგნის დიდი ტირაჟი დაწვა. 

მარიო ვარგას ლიოსას „ქალაქი და ძაღლები“ ის რომანია, რომელმაც საფუძველი დაუდო ლიტერატურის განახლებას პერუში და ლათინოამერიკული მწერლობის ბუმს მსოფლიოში.

წიგნი ესპანურიდან ლანა კალანდიამ თარგმნა.

3. ელის უოკერი – „იისფერი“

ელის უოკერის „იისფერს“ ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო. 

1985 წელს რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის გამოსვლისთანავე წიგნს კრიტიკის ახალმა ტალღამ გადაუარა. კრიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ „იისფერი“ ამკვიდრებდა შავკანიანი მამაკაცების ძალადობრივი ბუნების სტერეოტიპს. ფილმი სტივენ სპილბერგმა გადაიღო და მასში მთავარ როლს ვუპი გოლდბერგი ასრულებს. 

მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. ორიგინალური ფორმითა და დიდი მწერლური ოსტატობითაა მოთხრობილი აფროამერიკელი ქალების მძიმე და წინააღმდეგობრივი ცხოვრება 1930-იან წლებში.

ელის უოკერმა ამ რომანისთვის 1983 წელს პულიტცერისა (ავტორი პირველი ფერადკანიანი ქალი იყო, რომელმაც ეს პრემია მიიღო) და ამერიკის წიგნის ეროვნული პრემია მიიღო. 

წიგნი ინგლისურიდან გია ბერაძემ თარგმნა.

სერიის – „აკრძალული წიგნების თარო“ ავტორია გვანცა ჯობავა, რედაქტორი – ზვიად კვარაცხელია, სერიაში შემავალი წიგნების გარეკანების დიზაინზე კი თეონა ჭანიშვილმა იმუშავა.