გელა ჩარკვიანი – „ნაგერალა 2“

***

კონფუციუსი რომ სოლოლაკში დაბადებულიყო, „ანალექტების“ ნაცვლად „ნაგერალას“ დაწერდა.

***

ცოლი მეხამრიდია შენი სტრესების. ელექტროობა მის სხეულში განიმუხტება. სხვა ქალს ეს არ შეუძლია – მას ხომ შენი გამარადიულებისათვის ხელი არ შეუწყვია. ის მხოლოდ მოძალებული ტესტოსტერონის დასაშოშმინებელი მანეკენია.

***

პირველ ნაგერალაში ვთქვი, ძალიან ცუდი ადამიანი იშვიათობაა და მე ამგვარი არც შემხვედრია-მეთქი. წიგნი გამოსული იყო, როცა გამახსენდა ერთი ასეთი არსება. მას შემდეგ, რაც მე და ნანამ გადავწყვიტეთ ხელი მოგვეწერა, მასთან მივიდა ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი ქალი და, როგორც კეთილმოსურნემ, ასე ვთქვათ, ურჩია, რომ ცოლად არ გამომყოლოდა, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია ჩემი რაღაც უკურნებელი სენის შესახებ და მე, საუკეთესო შემთხვევაში, სულ რამდენიმე წელიწადს ვიცოცხლებდი. ნანამ, ბუნებრივია, ამ ვიზიტის შესახებ მაშინ არაფერი მითხრა. გავიდა რამდენიმე ათწლეული და ის ჩვენი საერთო ნაცნობი გარდაიცვალა. ეს ამბავი საზღვარგარეთ ყოფნისას გავიგეთ და რესტორანში ვახშმობისას ჭიქა ავწიე გარდაცვილი ქალის მოსახსენიებლად. გამიკვირდა, რომ ნანა არ ამყვა. ის თითქოს კედელზე ერთ წერტილს მიშტერებოდა და რაღაცაზე დაძაბულად ფიქრობდა. ბოლოს გადაწყვიტა და ნახევარი საუკუნის წინათ, მის ბინაში გამართული საუბრის შესახებ მიამბო. გავოცდი. რაც მას კეთილისმყოფელმა ქალბატონმა უთხრა, მისივე მოგონილი ბოროტი ტყუილი იყო – მე არავითარი სენი არ მჭირდა. როგორც მარქსი და ლენინი იტყოდნენ, ჭეშმარიტების კრიტერიუმი პრაქტიკაა. აგერ მე დღესაც ცოცხალი ვარ. საუბედუროდ აღარ მყავს ნანა“.

***

დღეს რაღაც წარმოუდგენელი ხდება. დამირეკეს სამი ტელევიზიიდან ინტერვიუს თაობაზე, დაპატიჟებული ვარ ორ დაბადების დღეზე. თავადაც სტუმრებს ველოდები საღამოსკენ. ბავშვი მყავს სკოლიდან წამოსაყვანი და კატა ასაცრელი. აინშტაინს უთქვამს დრო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი ერთდროულად არ ხდებოდესო. იქნებ გამორთეს და ჩვენ არ გვეუბნებიან?

***

როცა ჩვენს ვაიპატრიოტებს უსმენ, ისე გამოდის თითქოს რაც უფრო ნაკლები იცი გარე სამყაროს შესახებ, რაც უფრო გაუნათლებელი ხარ, მით უფრო ქართველი ხარ.

***

სამი კატა რომ მყავდეს, ერთს კლიზმას, მეორეს სტროფას და მესამეს კი ფალკას დავარქმევდი. ასე დავუძახებდი ხოლმე: კატაკლიზმა, კატასტროფა, კატაფალკა. В этом ряду просматривается некая логика, не так-ли?

დეა სოსელიას ფოტო

***

გემუდარებით, საჯარო პირებს (ყველას არ ეხება), აღარ გამაგონოთ სიტყვები: სკანდალური განცხადება, მოცემულობა და კითხვის ნიშნები. ერიდეთ აპელირებას, აჟიტირებას, ანგაჟირებას და სპეკულირებას, ან, თუ ვერაფრით შეცვლით, დაადგინეთ რა შემთხვევებშია მათი გამოყენება გამართლებული. სხვათა შორის, არც ოფიციოზისა და დემაგოგიის ნამდვილი მნიშვნელობის გაგება მოგიტანდათ ზიანს. მარად თქვენი, G.C.

***

თუ გინდა რომ საუკუნემ შეინარჩუნოს ცოტაოდენი რესპექტაბელობა მაინც, მასში არ უნდა იცხოვრო. როგორ გაბანძდა ოცდამეერთე. არადა შორიდან როგორი უკარება ლამაზმანივით იდუმალი ჩანდა.

***

ლონდონში საქართველოს ელჩობა სარისკო საქმეა. ჩამოგდის შენი ქვეყნიდან მაღალი თანამდებობის სტუმრები და, ბუნებრივია, როგორც ერის წარმომადგენელმა და თანაც ქართველმა თავი უნდა მოიქაჩლო და მეფური თუ არა, ელჩური პატივი მაინც უნდა სცე. ქალაქი მოატარო, საინტერესო უბნები აჩვენო, პარკებში გაასეირნო, სოჰოს რესტორანში ლანჩი გაუმართო, შენს აპარტამენტებში აქეიფო და, რა თქმა უნდა, ოფიციალურ შეხვედრებზეც თან ახლდე. იმ დროისათვის, როცა შენი მასპინძლობით თითქოს კმაყოფილი სტუმრების შინ დაბრუნების დრო დგება, ერთ, ან იქნებ ორ, მათგანს თავში უკვე მზაკვრული აზრი უტრიალებს. ლონდონის შარმით მოჯადოებულებს, მათ თავად უნდებათ ელჩობა ლონდონში. „ნამდვილად განათლებული კაცია, მაგრამ ...“ – იტყვიან შენს შესახებ სამშობლოში დაბრუნებულები. ყველგან იტყვიან. იქაც. არ ვამტყუნებ. ტყუილად ხომ არ უთქვამს პროფესორ ჯონსონს, ლონდონი თუ მოგბეზრდა, სიცოცხლე მოგბეზრებიაო“. 

 

 

 

 

გამომცემლობა „ინტელექტი“