რა ხერხს მიმართა ნინო ტაბიძემ, როდესაც ტიციანი მსახიობი ქალით იყო გატაცებული?

ძალიან მომწონდა ჩემთვის თამამი და უცხო სამოსის მოფიქრება. კაბებს საშა პარტნოისთან (ალექსანდრე ახვლედიანი – რუსთაველის თეატრისა და თბილისის ოპერის თეატრის დასის კოსტუმების მკერავი) ვიკერავდი და ყოველთვის კარგად მეცვა. ერთხელაც, პირველმა თბილისში, ჩავიცვი საზაფხულო ღია ფეხსაცმელი. ნაცნობმა მხატვარმა შეშინებულმა მოირბინა: ნინო ქუსლამოღებულ ფეხსაცმელებში დადის, სულ დაკარგა სირცხვილი, ალბათ მალე სულ შიშველი ივლის! ტიციანი კი იღიმებოდა...

ტიციანს შეეძლო ლამაზი ქალით აღტაცება, სხვა ვერავინ შეედრებოდა. ხშირად იყო გატაცებული. მახსოვს, ძალიან გაიტაცა ერთმა ჩამოსულმა მსახიობმა ქალმა, რომელიც ოპერის თეატრში უნდა გამოსულიყო კონცერტზე. ტიციანი ამბობდა, რომ ის შესანიშნავადაც იცვამდა, იმ საღამოს კი რაღაც საუცხოო კაბაში იქნებოდა. საშა პარტნოისგან შევიტყვე, თუ როგორი კაბა იქნებოდა და საჩქაროდ ვთხოვე, ჩემთვის ასეთივე შეეკერა. ყველაზე რთული იყო ისეთივე შალის შოვნა – არავის აღმოაჩნდა, მაგრამ მაინც ჩამომიტანეს ბათუმიდან.

დადგა კონცერტის დღე, ჩემი კაბა ჯერ დამთავრებული არ იყო, და აქა-იქ ქინძისთავებით მომიწია შებნევა. ოპერის თეატრში განგებ დავიგვიანე, როცა უკვე ფარდა ახდილი იყო და მსახიობი სცენაზე გამოვიდა. ძალიან ლამაზი კაბა ეცვა. მეც, ზუსტად ასეთივეში, აუჩქარებლად გავიარე მთელი ამფითეატრი და ჩემს ჩვეულ ადგილას, მეორე რიგში დავჯექი. ყველა მე მიყურებდა. 

ტიციანს რესტორან „ორიანტში“ სტუმრის პატივსაცემად ვახშმის მოწყობა უნდოდა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ რესტორანში ერთნაირ კაბაში გამოწყობილი ორი ქალბატონის მიპატიჟება უხერხულია და ჯობდა მხოლოდ მე მივეწვიე. რაღას იზამდა! ჩვენ ორნი და რაჟდენ გვეტაძე მთელი ღამე ვქეიფობდით. ტიციანი მხოლოდ იღიმებოდა დამნაშავესავით. მსახიობებთან არ უმართლებდა...

 

გამომცემლობა „არტანუჯი, 2016 წ.