ორი ქართველი ალჟირის სათავეში – მესხი ჰასანი და მეგრელი ალი ხოჯა

ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე

ეგვიპტეში ქართველი მამლუქების არსებობის ამბავი საკმაოდ ცნობილია, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ქართველების მოღვაწეობა ალჟირსა და ტუნისში. რომელსაც აქტიურად იკვლევს ისტორიკოსი კონსტანტინე ფერაძე. ჩრდილო აფრიკის ამ მხარეს ისლამურ სამყაროში მაღრიბის სახელით იცნობდნენ და XVI საუკუნის დასაწყისიდან ის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქალაქი ალჟირი ოსმალეთის მაღრიბის პროვინციის მთავარ ქალაქად იქცა და მომდევნო სამასი წლის განმავლობაში მას მართავდნენ სულთნის მიერ დანიშნული ბეილარბეგები, რომელთაც შემდგომში „დეის“ წოდება მოიპოვეს.

ალჟირის დეი (ფერადი გრავიურა ჯ. ჯეკსონის სამოგზაურო ნარკვევებიდან, 1817 წ.)

ალჟირელ დეითა შორის იყვნენ ქართველებიც, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და მონდომებით დიდი როლი ითამაშეს ალჟირის აღზევება-აყვავებაში.

ალჟირში ქართველები, ბუნებრივია, ოსმალეთზე გავლით ხვდებოდნენ. საქართველოდან მოტაცებული თუ გაყიდული ქართველი ტყვეები სტამბოლისა და ოსმალეთის სხვა ძირითად მონათა ბაზრებზე იყიდებოდნენ. მართალია, ტყვეთა უმეტესი ნაწილი ეგვიპტე-ერაყში იყიდებოდა, მაგრამ სტამბოლელი მოხელეები და ოსმალურ საფაშოთა გამგებლები მათ ერთმანეთს საჩუქრად უგზავნიდნენ. სწორედ ამ გზით მოხვდა ქართველთა უმეტესობა ალჟირში, ტუნისსა და ტრიპოლიში.

ალჟირი (ფერადი გრავიურა ჯ. ჯეკსონის სამოგზაურო ნარკვევებიდან, 1817 წ.)

„1791 წელს ჰასანი ალჟირის ახალ მმართველად აირჩიეს. მომდევნო რვა წლის განმავლობაში „ბაბა ჰასანმა“, როგორც მას უწოდებდნენ, დაამყარა წარმატებული ურთიერთობა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-სთან. აღსანიშნავია, რომ ჰასანს მიმოწერა ჰქონდა ისეთ სახელმწიფო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, საფრანგეთის მეფე ლუი XVI და სხვები“.

ალჟირში ქართველები დაწინაურდნენ მეთვრამეტე საუკუნეში, როდესაც საფაშოს უმაღლესი თანამდებობა რამდენიმე ქართველმა დაიკავა. მათგან აღსანიშნავია ჰასან დეი, რომელიც, არსებული ევროპული და ოსმალური წყაროების მიხედვით, ახალციხელი მესხი იყო. ჰასანი ალჟირში ძალზე ახალგაზრდა აღმოჩნდა და თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იდგა. ალჟირში ჩასული ევროპელი მოგზაურების აღწერით, ის ყოფილა სხარტი გონების პატრონი, საკმაოდ განათლებული და მამაცი პიროვნება. კარგად შეუსწავლია საზღვაო საქმე და თავი გამოუჩენია როგორც ალჟირელი კორსარების (მეკობრეების) მეთაურს; 1770 წელს ის მეთაურობდა ალჟირის მთელ ესკადრას და მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის ომში, რომლის დროს შავ ზღვაში იბრძოდა რუსული ფლოტის წინააღმდეგ. 1775 წელს ალჟირელებმა მოიგერიეს ესპანელთა დიდი სამხედრო ექსპედიცია და სტამბოლში ამ გამარჯვების ცნობის ჩატანის პრივილეგია სწორედ ჰასანს ხვდა წილად. ჰასანმა დიდი წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას და სულთანისათვის სპეციალური მოხსენებაც მოამზადა, რომელშიც საკუთარ თავს სწორედ „ახალციხელად“ მოიხსენიებს. ალჟირში დაბრუნების შემდეგ ჰასანი ალჟირის საზღვაო მინისტრად მსახურობდა, აქტიურად იყო ჩაბმული მეკობრეობაში და იმდენად დიდ ზიანს აყენებდა ევროპულ და ამერიკულ სავაჭრო ინტერესებს, რომ ესპანეთი და აშშ იძულებული გახდნენ გადაეხადათ გასამრჯელო (მათ შორის ძვირადღირებული საჩუქრები და სამხედრო ხომალდიც) ალჟირისათვის. 1791 წელს ჰასანი ალჟირის ახალ მმართველად აირჩიეს. მომდევნო რვა წლის განმავლობაში „ბაბა ჰასანმა“, როგორც მას უწოდებდნენ, დაამყარა წარმატებული ურთიერთობა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-სთან. აღსანიშნავია, რომ ჰასანს მიმოწერა ჰქონდა ისეთ სახელმწიფო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, საფრანგეთის მეფე ლუი XVI და სხვები.

ალი ხოჯას დიდი პოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდა და მას, ეგვიპტესა და ერაყში მოღვაწე ქართველი მამლუქების მსგავსად, ალჟირში საკუთარი დინასტიის დაარსებას სურდა. ექვსი თვის განმავლობაში მან ათას ხუთასამდე ადამიანი დასაჯა სიკვდილით, რათა საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა და ადგილობრივი საზოგადოების კონსოლიდაცია მოეხდინა.

ჰასანის გარდა, ალჟირის დეითა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ალი ხოჯას, რომელიც წარმოშობით სამეგრელოდან იყო. ეტყობა, ბავშვობაში ის ტყვეობაში მოხვდა და საბოლოოდ, ალჟირში აღმოჩნდა. ალი ნიჭიერი პიროვნება იყო და შეძლო გზის გაკვლევა და აღზევება. 1817 წლის შემოდგომაზე ალჟირის დეის, მუჰამედ ბენ ალის უეცარი გარდაცვალების შემდეგ მან შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ევროპელი დიპლომატების მიმოწერიდან ირკვევა, რომ ალი ხოჯას დიდი პოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდა და მას, ეგვიპტესა და ერაყში მოღვაწე ქართველი მამლუქების მსგავსად, ალჟირში საკუთარი დინასტიის დაარსებას სურდა. საამისოდ მან გამოიყენა უმკაცრესი მეთოდები, რათა მოწინააღმდეგეები, არსებული თუ პოტენციური, გაენდაგურებინა. ექვსი თვის განმავლობაში მან ათას ხუთასამდე ადამიანი დასაჯა სიკვდილით, რათა საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა და ადგილობრივი საზოგადოების კონსოლიდაცია მოეხდინა. მაგრამ ალი ხოჯას ოცნებები ფუჭი გამოდგა. 1818 წლის დასაწყისში ალჟირში იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც დეიც შეიწირა იმავე წლის 28 თებერვალს. ალის მმართველობამ მხოლოდ ექვსი თვე გასტანა, მაგრამ მან ისე გაითქვა სახელი თავისი სისასტიკით, რომ „გიჟი ალის“ სახელი მოიპოვა. როდესაც 1846 წელს ფრანგმა მკვლევარმა, პიერ ქრისტიანმა გამოაქვეყნა თავისი მრავალტომიანი ნარკვევი ხმელთაშუა ზღვის კორსარებზე, სატიტულო გვერდზე მან სწორედ ალი ხოჯას პორტრეტი გამოიყენა, რომელიც აღსანიშნავია იმით, რომ მასზე დეი ადამიანთა მოკვეთილი თავებით გარშემორტყმული არის ასახული. 

ალი ხოჯა

 

მსგავსი სიახლეები