ბანა – ნანგრევებად ქცეული, მარტოდ დარჩენილი ტაძარი

ავტორი: ბუბა კუდავა

ერთხელ იშხანს გვიან ვესტუმრეთ. ვიდრე გული მოვიოხეთ, შებინდდა კიდეც. მახსოვს, გაგვიჭირდა ეკლესიასთან გამომშვიდობება. ისიც მახსოვს, ბონდო კუპატაძეს ვუთხარი, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ტაძარს რომ მარტო ვტოვებთ-მეთქი. გავიდა ხანი და ეს ამბავი ჩემს ახლობელს მოვუყევი, დიდი ემოციებით რომ იგონებდა ტაო-კლარჯეთს. ქალბატონმა ვენერამ საოცარი რამ მითხრა პასუხად: იცი, ერთხელ შუაღამისას წვიმდა და გამეღვიძაო. წარმოვიდგინე, რომ ახლა შეიძლება ბანაშიც წვიმს და ის ნანგრევებად ქცეული ტაძარი კი მარტოაო.

ვიდრე ნათელია, სულ გვინდა, რომ კიდევ ბევრის ნახვა მოვასწროთ და ამიტომ ისე გამოვიდა, რომ ბანაშიც რამდენჯერმე ვყოფილვარ შებინდებულზე. აქაც ყოველთვის მიჭირს გამომშვიდობება. ეს ფოტოც ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისასაა გადაღებული...