„საუბრები ისტორიაზე“ – შეხვედრების ახალი ციკლი, რომელიც ყოველ ოთხშაბათს გაიმართება

ავტორი: მარიამ კელიხაშვილი

წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ შეხვედრების ახალ ციკლს – „საუბრები ისტორიაზე“ – იწყებს, რომელსაც ყოველკვირეული ხასიათი ექნება. შეხვედრაზე განსხვავებულ თემებზე განსაკუთრებული სტუმარი ისაუბრებს და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება შეხვდეს და მოუსმინოს იმ კონკრეტული მოვლენის ეპიცენტრში მდგომ ადამიან(ებ)ს, რომლის შესახებაც შეხვედრაზე იქნება საუბარი.

შეხვედრების ციკლის –  „საუბრები ისტორიაზე“ – ფარგლებში პირველი შეხვედრა 12 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრის თემაა: 14 აპრილი, 1978 წელი, რა საფრთხეს გადაურჩა ქართული ენა?

შეხვედრის განსაკუთრებული სტუმრები: ფილოლოგები – ლადო ჭელიძე, რევაზ აბაშია და ნიკა საანებლიძე, ისტორიკოსი – თამარ ჩხეიძე, ადვოკატი, უფლებადამცველი – გელა ნიკოლაიშვილი. ისინი 39 წლის შემდეგ გაიხსენებენ და შეაფასებენ 1978 წლის 14 აპრილს – უმნიშვნელოვანეს თარიღს უახლეს ისტორიაში.

„საუბრები ისტორიაზე“ – იდეის ავტორი ისტორიკოსი ბუბა კუდავაა.

ბუბა: „ბევრი წლის წინ, უნივერსიტეტში, მე და გოჩა საითიძე ვატარებდით შეხვედრების ციკლს – „საუბრები ისტორიაზე“.

აქ სიტყვა „ისტორია“ ისე გვესმოდა, როგორც სასურველია ზოგადად გვესმოდეს, მისი სრულიად უნივერსალური, უზოგადესი მნიშვნელობით და შესაბამისად, ვიწვევდით სულ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს (არა მხოლოდ ისტორიკოსებს), სხვადასხვა კუთხით საინტერესო ადამიანებს და ისინი ბევრ სხვადასხვა თემებსა და სრულიად განსხვავებულ პერიოდებზე გვებაასებოდნენ.

შეხვედრები ძირითადად სტუდენტებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა პედაგოგებიც და სხვებიც დიდი ინტერესით ესწრებოდნენ. ხშირად გვქონდა „ილუსტრირებული“ პრეზენტაციები (რაც იმჟამად ცოტა იშვითი ხილი იყო), ვუშვებით დოკუმენტურ ფილმებსაც და ასე, თან ვმუშაობდით და თან ვერთობოდით...

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიის კათედრაზე მოწყობილმა ამ ბევრმა, ათეულობით შეხვედრამ თავისი საქმე გააკეთა – გაუფართოვა თვალსაწიერი დაინტერესებულ სტუდენტებს, შეახვედრა და გააცნო ისინი ბევრ სპეციალისტსა და სფეროს... მერე და მერე სტუდენტებიც აქტიურად ჩაერთვნენ ორგანიზებაში.

როგორც ყველა საქმე, სასარგებლო და სასიამოვნო, რომელიც მიზეზთა გამო ვეღარ გააგრძელე და ეს გულში ხინჯად გრჩება, ეს „საუბრებიც“ ასე იყო, ხინჯად და ფიქრად.

რამდენი საინტერესო ადამიანია, რამდენი მივიწყებული თუ აქტუალური თემაა, რამდენი საკითხია, ყურადღების მიპყრობა რომ უნდა, რამდენი კვლევაა, საზოგადოებამდე ჯეროვანი მიტანა რომ აკლია... გული მწყდებოდა და თან პერიოდულად ფიქრს არ ვეშვებოდი.

ჰოდა,

ამ ფიქრმაც ჩვენს პატარა, მყუდრო, ბევრისთვის უკვე საყვარელ, პატარა კულტურულ ცენტრად თუ სალონად ქცეულ „შაქრო ბაბუამდე“ მიმიყვანა.

ყოველ ოთხშაბათს, 19 საათზე, გელით ყველას, ვისაც ძველი, ახალი თუ თანამედროვე ისტორია გაინტერესებთ. გელით სტუდენტებსაც და მოზრდილებსაც, ძველებსაც და ახლებსაც...

იდეები ვისაც ჩვენსავით აწუხებს, მათაც მზადყოფნით ველით.“

შეხვედრების ციკლის – „საუბრები ისტორიაზე“ – პარტნიორია ცოდნის პორტალი Bu.com.ge. ყოველი შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი გამოქვეყნდება ჩვენს ვებ გვერდზე, სპეციალურ რუბრიკაში – „საუბრები ისტორიაზე“.