ზვიად გამსახურდია – „თავისუფლების კუნძულების“ მაძიებელი პრეზიდენტი

„პირველი პრეზიდენტი გამსახურდია, თავის საბჭოურ ველოსიპედზე შემომჯდარი, რადიომიმღებით ხელში შეუპოვრად დაეძებდა იმ სანუკვარ ადგილებს, სადაც მისი რადიომიმღები რადიოსადგურ თავისუფლებას უკეთ დაიჭერდა“.

არ ვიცი რატომ, მაგრამ, როცა ოლიმპიურ სიმშვიდეზე ვფიქრობდი, თვალწინ ჩვენთვის დროებით ცხონებული ლიძავის სანაპირო დამიდგა და პირველი პრეზიდენტი გამსახურდია, რომელიც თავის საბჭოურ ველოსიპედზე შემომჯდარი, რადიომიმღებით ხელში შეუპოვრად დაეძებდა იმ სანუკვარ ადგილებს, სადაც მისი რადიომიმღები რადიოსადგურ თავისუფლებას უკეთ დაიჭერდა. მაშინ ყველა არასაბჭოთა გადაცემას ახშობდნენ და მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ რომ ოლიმპიური სიმშვიდით ეგუებოდა ამ ფაქტს, ორიოდე ადამიანის გარდა. ერთ-ერთი მათგანი ზვიად გამსახურდია იყო. ის მთელი ღამე გულმოდგინედ დაეძებდა იმ დროებითი თავისუფლების კუნძულებს, სადაც გარკვევით შეეძლო გაეგო მაშინ ჩვენთვის სანუკვარი, დღეს კი ჰამბურგერივით ჩვეულებრივი სიტყვები. ინფორმაციით სავსე ამაყად ჩაუქროლებდა ხოლმე თაბუკაშვილებისა და ომიაძეების სახლებს, ბედნიერი, რომ სხვებისგან განსხვავებით მან მაინც შეძლო და ეზიარა ვაშინგტონიდან ნატყორცნ იმედიან გამონათქვამებს. მის დანახვაზე ისტერიული სიცილი გვივარდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით ირაკლი კოსტავას, რომელიც არასოდეს გვეუბნებოდა მე და გეგას, მაგრამ ყოველთვის განიცდიდა, რომ მამამისი ციმბირში იხდიდა სასჯელს, ზვიადი კი ლიძავაში ველოსიპედით დაქროდა.

ირაკლი ჩარკვიანი – „მშვიდი ცურვა“ 

გამომცემლობა „ინტელექტი“