თამაზ ჭილაძე – ბედნიერი ხარ როცა გყავს ვინმე

* * *

            ყველას, ვისაც ვუყვარდით

ბედნიერი ხარ, როცა გყავს ვინმე,
მისთვის სიკვდილზეც რომ ხარ თანახმა,
ბედნიერი ხარ, თუ გათქმევინებს
ღმერთი, რისი თქმაც გინდა ხმამაღლა,

თუ მინდობილი ხვალის მოლოდინს,
ცხოვრობ სხვის ნაცვლად ჯვარზე გაკრული,
იცი სიკეთეც და სიბოროტეც,
ტყუილი ფიციც, ქცევაც მზაკვრული.

ტკივილისათვის თუკი განგებას
არც ედავები და არც ემდური
გაბედნიერებს იმის გაგება,
რომ სხვის მაგივრად ხარ უბედური...

2015

თამაზ ჭილაძე – „ბორანი“

გამომცემლობა „ინტელექტი“