გელა ჩარკვიანის თვალით დანახული დედა

„კანდიდ ჩარკვიანი მხოლოდ 31 წლის იყო, როცა საქართველოს ცეკას პირველი მდივნის თანამდებობაზე ლავრენტი ბერია შეცვალა 1938 წლის შემოდგომაზე. სტალინმა ბერია მოსკოვში გადაიყვანა – მას 30-იანი წლების რეპრესიებისათვის ბოლო შტრიხები უნდა დაესვა. მე მომდევნო წლის პირველ მარტს დავიბადე, მაშინ, როცა მამა უკვე საბჭოთა საქართველოს პირველი პირი იყო. საქართველოში სხვა არა­ვინ ვიცი, ვინც საბჭოთა ეპოქაში ჩემსავით პოლიტიკური პირამიდის წვერზე მოევლინა ამ ქვეყანას. ამ გარემოებამ გარკვეული დაღი დაასვა ჩემს ხასიათს – დაბადებიდან საყოველთაო თაყვანისცემამ და, დედაჩემის გარდა, ყველას მიერ ჩემი ნებისმიერი სურვილის უპირობო შესრულებამ ერთი სისუსტე დამიტოვა: დღემდე სიკვდილზე უფრო უარის გაგონების მეშინია. ამიტომ არავის, არასდროს, არაფერს ვთხოვ. უფრო სწორად, ვერ ვთხოვ, მაშინაც კი, როცა ძალიან მჭირდება და უარყოფითი პასუ­ხის მიღების ალბათობა უკიდურესად მცირეა...

ჩვენი ოჯახის პირმშო, რომელსაც იმ დროს ანტარქტიდის ძალზე პოპულარული ნორვეგიელი მკვლევრის პატივსაცემად როალდი დაარქვეს, ჩვილობაშივე გარდაიცვალა. შემდეგ გაჩნდნენ ჩემზე ხუთი წლით უფროსი მერაბი და ორი წლით უფროსი გოგი.

მერაბი, გელა და გოგი ჩარკვიანები

დღეს ხშირად გაიგონებ, თუ როგორი თავმდაბალი და უბრალო იყო რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელობა. სინამდვილეში, როგორც ყველა დროში და ყველა ქვეყანაში, ძალაუფლების მწვერვალზე და იქვე ახლომახლო მყოფი ადამიანები განსაკუთრებული ასკეტიმზმით არც საქართველოში გამოირჩეოდნენ. მათი მდგომარეობა იერარქიულ კიბეზე განსაზღვრავდა მათი ცხოვრების ხარისხს და, რა დასამალია, ეს უკანასკნელი დიდად განსხვავდებოდა მაშინდელი საშუალო ოჯახის არსებობის სტანდარტებისაგან.

სახლისა და აგარაკების ზომასა და კომფორტულობაზე რომ არა­ფერი ვთქვათ – ყოველ მათგანს ჰქონდა საბილიარდო და მასში დამონტაჟებული კინო-საპროექციო აპარატურა – საავტომობილო პარკი, რომელიც ჩვენს ოჯახს ემსახურებოდა, ათიოდ მანქანას მოითვლიდა: მათ შორის იყო საბჭოთა სამთავრობო ლიმუზინი ЗИС-110, საშუალო ზომის „შევროლე სედანი“, ახალი BMW, ამერიკული ყველგანმავალი „დოდჯი“, სპორტული „მერსედესი“, ბრიტანული „ჰილმანი“, „პობედა“, „ზიმი“, ბერიას ნაქონი 12-ცილინდრიანი „კადილაკი“ და ყოვლად უვარგისი, ომამდელი საბჭოთა ავტომობილი „ЗИС-101“. მასში არასდროს ვმჯდარვარ. რომ არა დედაჩემი, თამარ ჯაოშვილი, სხვებთან შედარებით ამგვარი მატერიალური უპირატესობით შეგულიანებულს, შეიძლება მეტი მედიდურობა დამჩემებოდა. იქნებ კიდევაც მეამაყა ჩემი განსაკუთრებული მდგომარეობით, მაგრამ დედა გამუდმებით ერთსა და იმავეს გვიჩიჩინებდა, – „იცოდეთ, ყველაფერი, რაც გაქვთ, დროებითია. სხვებს არაფრით სჯობიხართ. თქვენი მდგომარეობა შემთხვევითობის შედეგია“. მისმა ჩაგონების სეანსებმა ჩემში რაღაც დანაშაულის გრძნობისმაგვარი გააჩინა. „რამდენი ოთახი გაქვთ?“ – მეკითხებოდნენ თანა­კლასელები. „სამი“ – ვპასუხობდი. „მანქანა?“ „ორი“ – და საუბრის თემას სასწრაფოდ შევცვლიდი, რადგან ტყუილის თქმაც არ მსიამოვნებდა.

დედაჩემი და მისი ძმა, ვახტანგი, ადრეულ ბავშვობაში დაობლდნენ. ალბათ ყველაზე უფრო ტრაგიკულ, მელოდრამატულ ლათინურ-ამერიკულ სერიალში ვერ წააწყდებით ბედისწერის ისეთ საზარელ ზიგზაგებს, რომლებმაც თამარისა და ვახტანგის მშობლების, შალვასა და ოლღას რეალური ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქციეს. არაერთი უაზრო თარჯის გადალახვის შემდეგ, ჯვარდაწერილებს, საკუთარმა დეიდამ ეკლესიაში შავი მანდილი გადააფარა და წყევლით დალოცა იმის გამო, რომ პატარძალი, ოლღა ქართველი კათოლიკე იყო სოფელ უდედან და არა შალვასავით მართლმადიდებელი. არ მინდა დავიჯერო, რომ ამ წყევლამ გააუბედურა უდიდესი სიყვარულით შექმნილი ოჯახი, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ, როცა ქალ-ვაჟიც შეეძინათ და თითქოს მათ ოჯა­ხურ ბედნიერებას აღარაფერი ემუქრებოდა, ორივენი გარდაიცვალნენ – ბებია კიბოთი, ბაბუა კი ტიფით. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ იტანჯებოდნენ, როცა უკვე გააზრებული ჰქონდათ, რომ კვდებოდნენ და ორ ლამაზ პატარა ბავშვს, მათი სიყვარულის ნაყოფს, აშლილ, ამღვრეულ ქვეყანაში ბედისანაბარა ტოვებდნენ. განა შეიძლებოდა მომაკვდავ შალვას ან ოლღას საუკეთესო აგონიურ ზმანებაშიც კი წარმოედგინათ, რომ თამარი, ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა, მისი ქვეყნის მმართველი პირამიდის მწვერვალზე აღმოჩნდებოდა. ან იმას, რომ მათ საყვარელ ვაჟი­შვილს, ვახტანგს, საუკუნის ბოლოსათვის უკლებლივ ყველა გამოჩენილ ქართველ მეცნიერად მოიხსენიებდა.


დედაჩემს მუდმივად აწუხებდა მისი წარმოუდგენლად მაღალი მდგო­მარეობა, ის, რომ მის, კონკიას ნება-სურვილს წინ ვერაფერი აღუდ­გებოდა. „კანდიდი მართლა მეფეა?“ – უკითხავს მისთვის ერთ ღრმად მოხუცებულ ნათესავ ქალს. „რაღა დროს მეფეებია!“ – უპასუხია დედაჩემს და გაუფრთხილებია მოხუცი, ეგ არსად წამოგცდესო. იქნებ თვითონაც ასე ეგონა, მეფეაო, მაგრამ ისიც კარგად ესმოდა, რომ ამგვა­რი მეფობიდან ეშაფოტამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო. ბერიას გარდა, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ მოღვაწე მაღალი თანამდებობის ქართველი ბოლშევიკი ამქვეყნად აღარ ირიცხებოდა. უმეტესობა დახვრიტეს, ზოგმა თავი მოიკლა, ზოგმაც თავისით მოასწრო სიკვდილი.

დედა გვსჯიდა, ზოგჯერ სასტიკადაც. პირველი ღირსსახსოვარი გალახვის გახსენება ჩემში დღემდე რატომღაც გულისრევისმაგვარ გრძნობას და თავის ტკივილს იწვევს, თუმცა ვაღიარებ – დასჯას ვიმსახურებდი. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი კვების ხარისხზე შეფ-მზარეული ლევან ხომასურიძე იყო პასუხისმგებელი. „მე ინჟინერ-მზარეული ვარ“, – იმეორებდა ხოლმე ლევანი. აქამდე ვერ ვხვდები, რას ნიშნავდა ეს, ალბათ იმის თქმა უნდოდა, რომ პროფესიონალი იყო და მოყვარული მზარეულებისა და კულინარულ ხელოვნებას თავისით დაუფლებული დიასახლისებისაგან განსხვავებით, შესაბამისი განათლებაც ჰქონდა მიღებული. საუკეთესო კერძებს ამზადებდა – ზომიერად შენელებულს და ლამაზად გაფორმებულს. მას შემდეგ, რაც დილით ახლად გამომ­ცხვარ თონის პურს და სხვა საჭირო სურსათს მოზიდავდა უზრუნველ­ყოფის სამსახურის თანამშრომელი, ლევანი დედაჩემს დაელაპარაკებოდა მენიუს თაობაზე და ერთ-ერთ მოსამსახურე ქალთან ერთად საქმეს შეუდგებოდა. კრწანისსა და წყნეთში თონეები გვქონდა და პურს ხშირად თვითონ ვაცხობდით უძველესი ქართული ჯიშის, ზანდურის ხორბლის ფქვილისაგან. ზანდური მამაჩემმა დაათესინა წყნეთის აგარაკის ტერიტორიაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღნიშნავდა: „აი, ეს არის ნამდვილი პური“. მართლაც, ჩემს მეხსიერებას დღემდე ჯანსაღი პურის სუნის ნიმუშად სწორედ ზანდურისგან მაშინ მიღებული შთაბეჭდილება შემორჩა. ჩვენს საკუჭნაოში ამ დროისათვის დეფიციტურ კარაქთან ერთად, უხვად იყო ყოველგვარი დელიკატესი – შავი ხიზილალა და შებოლილი თევზები. სიღარიბეში გაზრდილ დედაჩემს მუდამ ჰქონდა ეჭვი, ვერ ვიტყვი რამდენად საფუძვლიანი, რომ ლევანს ზოგჯერ სული წას­ძლევ­და და რაღაც-რაღაცას ჩვენი საკუჭნაოდან შინ წაიყოლიებდა... ძნელი დრო იყო, მას კი ოჯახი ჰყავდა სარჩენი. კანდიდი კატეგორიულად გამორიცხავდა ასეთ შესაძლებლობას, გეჩვენებაო, ეუბნებოდა, მაგრამ დედა თავისას არ იშლიდა, ჩემი თვალით დავინახე ჯიბეში რაღაც რომ ჩაიდოო, – ამბობდა, თან დასძენდა: „კვირაში ერთხელ ხომ ვაძლევ ერთ სავსე კალათას, იმყოფინოს, რა ემართება?“. ამგვარი დიალოგი ხშირად მეორდებოდა, თუმცა თამარი, ბუნებრივია, არასდროს იკადრებდა რამენაირად ეგრძნობინებინა ამ სოლიდური რაჭველი შეფისათვის, თუ რას ფიქრობდა მასზე სინამდვილეში.

გელა ჩარკვიანი, 1947 წელი

მაშინ ექვსი-შვიდი წლის ვიქნებოდი. კარგად მახსოვს, მზიანი თბი­ლისური დილა იყო. დაველოდე, სანამ დედაჩემი სამზარეულოდან გამოვიდოდა და ქსენია ტკაჩენკოს, უკრაინელ მოსამსახურე ქალს, დაუწ­ყებდა იმ დღეს შესასრულებელ საქმეებზე ლაპარაკს. მერე სამზარეულოს კარი გავაღე, შიგ შევაბიჯე და პირდაპირ ვახალე: „ლევან, რატომ ქურდობ? რატომ მიგაქვს რაღაცები საკუჭნაოდან?“ ლევანმა თითქოს ვერ გაიგონა, რა ვთქვი. „ნუ ქურდობ, გესმის!“ დავიყვირე მთელ ხმაზე. მერე ყველაფერი წამებში მოხდა: გააფთრებულმა დედაჩემმა გამომათრია სამზარეულოდან და სახეში ისეთი ძალით გამაწნა სილა, რომ ცხვირიდან სისხლი წამსკდა. ამას მოყვა ჩემი ისტერიული ტირილი, გადაფიჩინება და დედაჩემის ამაო მცდელობა დავეწყნარებინე. ამ შემთხვევამ მიმანიშნა ცხოვრებაში დიპლომატიის აუცილებლობაზე. უშნო სიმართლეს უნდა ერიდო. არავისთვის მითქვამს – ვაიმე, როგორ გასიებულხარ, გამხდარხარ, შეცვლილხარ, დაბერებულხარ. თუმცა არც გადამეტებული ქათინაურების თქმა მეხერხება, და კიდევ, პატარა ბავშვების თანდასწრებით სხვა ადამიანების უარყოფით თვისებებზე ლაპარაკი ჩემს ოჯახში კატეგორიულად აკრძალული იყო და არის ახლაც“.

 

 

 

 

 

 

 

 მასალა მოამზადა მარიამ კელიხაშვილმა

           გელა ჩარკვიანი – „ნაცნობ ქიმერათა ფერხული

გამომცემლობა „ინტელექტი“