თამარ კვარაცხელიას ბლოგი - სიმართლე ზღაპრად

ავტორი: თამარ კვარაცხელია

საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი მწერლები თავს არ ზოგავდნენ, რომ ცენზურისთვის გვერდი აევლოთ და მკითხველამდე სიმართლე მიეტანათ. რა ხერხი და გზა არ მოიფიქრეს: ხან ისტორიულ რომანს წერდნენ, როგორც კონსტანტინე გამსახურდია, ხან იგავს მიმართავდნენ ჯემალ ქარჩხაძის მსგავსად, ხანაც ლექსში გააპარებდნენ სათქმელს. ლევან ბოლქვაძემ კი ზღაპარი აირჩია.

ნებისმიერი ავტორის ნაწერს წითელ ხაზად გასდევს მისი ბიოგრაფია. არც ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ ყოფილა გამონაკლისი, მით უმეტეს, რომ ეს მწერლის ერთადერთი წიგნია.  21 წლის ასაკში ლევან ბოლქვაძე ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააპატიმრეს და რვა წლით „გულაგში“ გაუშვეს, შემდეგ კი სამი წელი გადასახლებაში გაატარა. რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო ეს მის ნაწარმოებში არ ასახულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ საუცხოო და ფათერაკებით სავსე სიუჟეტით გამოირჩევა, ყველა ის ღირებულება გააჩნია, რაც ნამდვილ ზღაპარს უნდა ჰქონდეს და შეუძლია ჭეშმარიტი ფასეულობები ჩამოუყალიბოს ბავშვს, ის სრულებით არ არის საბავშვო წიგნი, არამედ მხოლოდ თავს გვაჩვენებს ასეთად.

ზღაპარში მოხვედრილი ბიჭი არის კონსტანტინე, მწერლის ალტერ ეგო. ამაზე მისი მეტსახელიც მიგვანიშნებს – ჭაბუკა. 21 წლის კაცს უფრო ჭაბუკი ეთქმის, ვიდრე ბიჭი. ჭაბუკა პაპისეული სახლის სხვენზე წიგნს აღმოაჩენს და შიგ არსებული ჩანართის მეშვეობით ანტიუტოპიურ ქალაქში აღმოჩნდება, რომელსაც ირონიული სახელწოდება „ბედნიერი ქალაქი“ აქვს.

ქალაქს ავტორიტარული რეჟიმის ყველა ნიშანი ატყვია. როგორც მიღებულია დიქტატურისას, პირდაპირი მნიშვნელობით მარადიული ხელისუფალი ჰყავს, რომელსაც დრო დაუტყვევებია. ყველა და ყველაფერი მეფე ჩიგიდის ნება-სურვილსაა დამორჩილებული. აქ სასამართლო პროცესი სრული აბსურდია, უბრალო ადამიანების უფლებები იმდენად უმნიშვნელოდ არის მიჩნეული, რომ მათ საკუთარი სახელების ქონის ღირსადაც არ თვლიან, საუკეთესო მეცნიერები და ხელოვანები ციხეში არიან გამოკეტილნი. საიდუმლო პოლიცია დღემუდამ იმ უცნობი და ბევრ შემთხვევაში არარსებული მტრის ძიებაშია, სახელმწიფოს რომ უთხრის ძირს. ხალხი კი მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრობს და შიშმა მათი ყველა სხვა გრძნობა ისე დათრგუნა, რომ დასჯის შიშით მეფის ნებისმიერ ახირებას  ემორჩილებიან.  

მაგრამ ამ ტოტალური მონობის დროსაც თუ დროის მონობისას არიან სულით თავისუფალი, საღად მოაზროვნე ადამიანები. უამრავ გმირს შორის, ძალიან ცოცხლად და ხელშესახებად რომ გვიხატავს ლევან ბოლქვაძე, ზოგს თავის მოგიჟიანება, სალოსობა უწევს, მეფისთვის დაურიდებლად რომ შეძლოს პირში სიმართლის თქმა, ზოგს კიდევ თვითონ რაცხავენ შეშლილებად, რომ ხალხმა მათ ყური არ დაუგდოს.

აქ შეიძლება პარალელები გავავლოთ მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინის „ერთი ქალაქის ისტორიასთან“, რომელშიც შჩედრინმა ასევე სატირული ენით, ცალკეული ეპიზოდების აბსურდამდე მიყვანით ერთი ქალაქის მაგალითზე აღწერა მთელი იმპერიისა და ხელისუფალთა მანკიერება და ხალხის მონური მორჩილება მათდამი.

„ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ პირველად 1978 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ მაშინდელმა დირექტორმა არჩილ სულაკაურმა გამოსცა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს მაშინ გმირობის ტოლფასი გამბედაობა იყო, თუმცა იგი ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქართულ მწერლობას სჭირდებოდა. მაკა ჯოხაძე იგონებს, როგორ წამოხტა პირველი არჩილ სულაკაური და სსრკ მწერალთა მერვე ყრილობაზე პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი, როცა რუსმა მწერალმა საქართველოს და ქართველ ხალხს შეურცხყოფა მიაყენა.

 

„ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ სატირული პასაჟებითა და ალუზიებით სავსე წიგნია, სარკეა, რომელშიც ლევან ბოლქვაძემ პირადი ისტორიის პრიზმიდან მოახერხა დაეჭირა და აერეკლა მთელი იმდროინდელი მმართველობის ვერაგობა და სისასტიკე. რასაკვირველია ავტორი საბჭოთა კავშირზე წერდა, თუმცა საბოლოოდ უნივერსალური ამბავი გამოუვიდა, რომელშიც ნებისმიერი დროის ავტორიტარული რეჟიმის დანახვა შეიძლება. ასე რომ, მისი ზღაპარი ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის იქნება საინტერესო და აქტუალური, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეს ის.