ირაკლი ჩარკვიანი - ძნელია, განუდგე საკუთარ ქმნილებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შენი თავია

თუ გსურს, რომ შენი ქმნილება უკვდავი გახდეს – განუდექი, მიეცი განმარტოების საშუალება, თავისუფლად სუნთქვის შანსი.

ამდენი წელია, სისხლით რწყავ იმ სურათს, რომელსაც ხატავ, ნუ დაახრჩობ! სისხლის გაცემა სასიამოვნო ჩვევაა და შენ კარგავ ზომიერების გრძნობას. შენ ღმერთი ხარ. ნუ მოინდომებ მის განადგურებას მხოლოდ იმიტომ, რომ სული მისი შენ გეკუთვნის და ხორცი მისი ოდესღაც შენი იყო.

ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ეტრფი და უფრთხილდები, დღე და ღამ აშენებ, მაგრამ დგება დღე, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანობაში დაინახო ის ქანდაკება, მთელი სიცოცხლე რომ ძერწავდი. მისცე სივრცეს საშუალება, გაითავისოს შენი ყველაზე დიდი საკუთრება, დაეთმოს ადგილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ჰქვია.

გაჩუმდი, ჩაისუნთქე და დაათვალიერე ფერადი თევზები. აღმოაჩინე ახალი, წყალქვეშა სილამაზე, რომელიც სიჩუმეში თვლემს. შენ კი აგვიანებ, ვერ შორდები საკუთარი ხორცით გამოძერწილ ნამუშევარს, რწყავ სისხლით და გსიამოვნებს მისი ყურება, განსაკუთრებით კი გაცემას ხარ მიჩვეული, რის გარეშეც შენი სული გაქონილ გაზქურას ემსგავსება, ქვავდება და ქვევით, კანალიზაციის მილში, დედამიწის გულისკენ, ჯოჯოხეთში გექაჩება.

სისხლნთხევა ტრადიციულ ფორმას იღებს. უკანასკნელ წვეთს უკანასკნელი ამოსუნთქვა მოჰყვება. შენ და შენს ქმნილებას ლურსმნებს გაჭედებენ, გაცემით გაბრუებული ვერც კი გრძნობ, როდის და როგორ გაცვეს იმ საბედისწერო გზაჯვარედინს, საიდანაც სიცოცხლე ორად იყოფა – “ჯვარს, ჯვარს აცვით პოეტი-ვირთხა, თოვლიან საფლავში მთვლემარე ჩონჩხი, ანაქორეტი, მექალთანე, ყველა ჯვარს აცვით და ან ჯვარი აცვით მათ, ჯვარს აცვით ჯვრები” – ამ ორთოდოქსური სპექტაკლის დეკორაციები ისე მოხდენილად და უმალ შემოაქვთ, რომ ვერც კი ამჩნევ.

მსოფლიოს ყოველ კუთხეში ხომ ჭეშმარიტი პროფესიონალები მუშაობენ. ორიათასწლიანი სტაჟი + აპოკალიფტური ნევროზით აჩქარებული მოძრაობები, მართლაც რომ ვირტუოზულად ატარებენ ესოდენ კლასიკურ პროცედურას. თუ დაუსხლტი და ჩაყვინთვა მოასწარი, დიდად გაანაწყენებ მაყურებელს. ხშირ შემთხვევაში აგრესიასაც იწვევ. შენს გამო ხომ ამდენი ხალხი გაცდა, მუშებმა დაკორაციები ზიდეს, მაყურებელმა ბილეთები შეიძინა, შენ კი, როგორც სკოლაში ამბობენ, “შატალოზე” წახვედი.

წყლის ზედაპირზე განაწყენებული მოქალაქეები დაცურავენ. ასე რომ, მოგიწევს ზღვის ფსკერზე ჯდომა ფერად თევზებთან, სანამ ჰაერის მარაგი გეყოფა, მერე კი ახალი წყალქვეშა იდეებით გაბერილი ამოყვინთავ და დაიწყებ მესამე განყოფილებას – “ფარდები აიწია. ეს, ალბათ, მესამე აქტია, როცა მოსე სვანი უნდა გამოჩნდეს. ის თავიდანვე სცენაზე ზის. მის ზურგს უკან მამაკაცის ქანდაკებაა. მამაკაცის მხრებზე და თავზე ჩიტები სხედან, პედესტალზე კი ოქროსფერი ასოებით წერია – ირაკლი ჩარკვიანი”.

ბედნიერი უნდა იყო, როცა უკვდავება ზურგს უკან გიდგას და მასზე ჩიტები ისვენებენ. იქნებ აღარც აქვს აზრი კიდევ ერთ მცდელობას. ქვაში გამოთლილი გარანტია ხომ ასე მშვიდად გიცქერს, თითქოს აღარ ღირს იმ ბარის შეძენა, რომელიც ჯერ უნდა ლესო, მერე სულიერების მიწაში ჩაასო და იმ იმედით გააგრძელო თხრა, რომ უფრო ღრმა ორმოს ამოთხრი, უფრო გრძელვადიან აბონემენტს შეიძენ ფილმზე, რომელსაც ისტორია ჰქვია. ან მეცხრე ტალღას დაელოდები, აყვები ბოლომდე და საშვილიშვილოდ ჩაებეჭდები უბედურ ხალხს მეხსიერების წიგნაკში.

ასეთი დაძაბული ფიქრით არის დატვირთული მოსე სვანი, რომელიც მესამე მოქმედებაში გამოჩნდა. უკვდავებაში სჯობს მკვდრები შეეჯიბრონ ერთმანეთს – გაიფიქრა მოსემ და საბოლოოდ გადაწყვიტა, არ წასულიყო ბაირონივით საბერძნეთში.

P. შ. ძნელია, განუდგე საკუთარ ქმნილებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შენი თავია.

 

ირაკლი ჩარკვიანი - საავტორო სვეტები, ინტერვიუები, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2011